რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოადგილეები უნდა გადადგნენ, მათ ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვა არ შეუძლიათ
რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოადგილეები უნდა გადადგნენ, მათ ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვა არ შეუძლიათ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თანამდებობები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მისმა მოადგილეებმა უნდა დატოვონ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ბანკთან დაკავშირებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ ჰყავს.

„ეროვნული ბანკი პირდაპირ გიორგი გახარიას დავალებებს ასრულებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგნენ. მათ ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვა არ შეუძლიათ. მათი ქმედება ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უდიდეს ზიანს აყენებს. ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განხილული არ უნდა იყოს მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე. ბანკს სერიოზული პოლიტიკური მახასიათებელი აქვს, ანაკლიაში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესს პროექტს ახორციელებს. ივანიშვილს სურს, კონტროლი დაამყაროს როგორც ქვეყნის საფინანსო სისტემაზე, ასევე ანაკლიაზე და ბანკის მთავარ აქციონერებს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წილი გააყიდინოს. ჩვენი ვალია, ხელისუფლებას პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებით ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების შერყევის უფლება არ მივცეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 15 თებერვალს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.