რომან გოცირიძე - ელენე ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა არაზნეობრივია, ოჯახის წევრის არც ერთ ქმედებაზე შვილი პასუხს არ აგებს, მით უმეტეს, აქ არასამართლებრივი არაფერია
რომან გოცირიძე - ელენე ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა არაზნეობრივია, ოჯახის წევრის არც ერთ ქმედებაზე შვილი პასუხს არ აგებს, მით უმეტეს, აქ არასამართლებრივი არაფერია

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ამორალურია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„საქართველოს ნებისმიერ ბარსა და რესტორანში „ქართული ოცნებისთვის“ საყვარელი მომღერალი კობზონის სიმღერა რომ შესრულდეს, საავტორო უფლებებით ფული კობზონს მიუვა იქ, ორი ინვოისი გამოიწერება – ჯოჯოხეთში, სადაც კობზონია და მეორე მისი მემკვიდრეებისთვის. ნებისმიერი სიმღერა ან დადგმა ამერიკაში იქნება თუ რუსეთში, საერთაშორისო კანონით, თანხები საავტორო უფლების პატრონებთან მიდის. ფული რუსეთიდან შემოვა თუ სხვა ქვეყნიდან, სადაც ეს სპექტაკლები დაიდგა, ეს სამართლებრივად და მორალურად სწორია. საქართველოდან გაზმანოვს ლარები მისდის, ეს სამწუხაროა, მაგრამ არის ნორმა. ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა და დამუნათება არის როგორც არასამართლებრივი, ასევე არაზნეობრივი. ბოლშევიკები იქცეონდნენ ასე, შვილი მამას საქციელზე პასუხს აგებდა. ოჯახის წევრის არც ერთ ქმედებაზე შვილი პასუხს არ აგებს, მით უმეტეს, აქ არასამართლებრივი არაფერია. ეს არის ბოლშევიკური მორალის გაცოცხლება „ქართული ოცნების“ მიერ“,- განაცხადა გოცირიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიას მოუწოდა, „გაასაჯაროოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ“. ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ“.