რომან გოცირიძე - გამარჯვებამდე რეგიონებში კანდიდატთა დაყენება მიგვიყვანს, დანარჩენი მანდატების განაწილებაში ვაჭრობაა, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებთ
რომან გოცირიძე - გამარჯვებამდე რეგიონებში კანდიდატთა დაყენება მიგვიყვანს, დანარჩენი მანდატების განაწილებაში ვაჭრობაა, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებთ

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვებამდე რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაყენების ტაქტიკა მიიყვანს, რადგან დანარჩენი გზა, მისივე შეფასებით, მანდატების განაწილებაში ვაჭრობაა.

როგორ გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამარჯვებისთვის რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება აუცილებელია. მისივე თქმით, პარტიის მხრიდან ეს პრინციპი არ შეიცვლება.

„ცალკეული გამონაკლისები თუ იქნება და დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, შეიძლება კონსულტაციები, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული. დედაქალაქთან დაკავშირებით უპრეცედენტო ნაბიჯი გადავდგით. ორი ოლქი, დიდუბე და საბურთალო დღემდე არ არის დაკომპლექტებული. ეს ძალიან გვიშლის ხელს საარჩევნო კამპანიაში. ნახეთ, რა ხდება გლდანსა და სამგორში. გამოცოცხლებული, ინტენსიური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გვყავს. მაჟორიტარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიის ამუშავებასა და პროპორციული სიის თვალსაზრისით გამარჯვებაში. ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80 პროცენტი პროპორციული სიით ნაწილდება. მარცხდები პროპორციულ სიაში? ახალი ხელისუფლება მოდის. ფაქტობრივად, მეორე ტურში გამარჯვება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას რჩება, რომელიც პროპორციულ სიას იგებს. ჩვენი პრინციპი ეს არის. ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა. ამ ტექნიკურ დათვლასა და არითმეტიკაში მონაწილეობას არ მივიღებთ. თითქმის ყველა რეგიონში საკუთარ კანდიდატს დავაყენებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

დატოვე კომენტარი