რომან გოცირიძე - დღეს პარლამენტის ბოიკოტზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, მელიას „ნაცმოძრაობისთვის“ მეტი აქტიურობისკენ უნდა მოეწოდებინა
რომან გოცირიძე - დღეს პარლამენტის ბოიკოტზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, მელიას „ნაცმოძრაობისთვის“ მეტი აქტიურობისკენ უნდა მოეწოდებინა

დღეს პარლამენტის ბოიკოტზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. ნიკა მელიას „ნაცმოძრაობისთვის“ მეტი აქტიურობისკენ უნდა მოეწოდებინა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ახლა პარლამენტის დატოვებას აზრი არ აქვს.

„ბოიკოტმა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ძალიან დააზიანა. განსაკუთრებით, შარლ მიშელის პროცესის პოლიტიკურმა ბოიკოტმა, ისევე როგორც პარლამენტში ჯერ შესვლამ და შემდეგ დატოვებამ. დღეს პარლამენტის ბოიკოტზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. კარგი იქნებოდა, ნიკა მელიას აქცენტები სხვანაირად დაესვა – თუ პარლამენტში ხარ, უნდა იყო. მას „ნაცმოძრაობისთვის“ მეტი აქტიურობისკენ უნდა მოეწოდებინა. პარლამენტში მისი პარტიის ფრაქციის წევრები უფრო აქტიური უნდა იყვნენ. აქცენტებს უფრო სხვანაირად დავსვამდი. ახლა პარლამენტის დატოვებას აზრი არ აქვს, პირიქით, მოწოდება უნდა იყოს, რომ დარჩენილი ნაწილი უფრო გააქტიურდეს და უფრო აქტიურები იყვნენ ის პარტიები, რომლებსაც მეტი დეპუტაცია ჰყავს. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული 36 დეპუტატიდან პარლამენტში რამდენიმე როცა ვრჩებით, ეს არის პრობლემა. მოწოდება კი არ უნდა იყოს, მათაც დატოვონ, არამედ პარლამენტში შევიდნენ და ის დეპუტატები გააძლიერონ, ვინც იბრძვიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.