რომან გოცირიძე - დასავლეთში უკვე საუბრობენ იმ სიტყვებით, რომლითაც ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოიხსენიებდა, სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე
რომან გოცირიძე - დასავლეთში უკვე საუბრობენ იმ სიტყვებით, რომლითაც ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოიხსენიებდა, სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებაზე ერთი წლის წინ რა ტონითაც საუბრობდა, ზუსტად იმ სიტყვებს ამბობენ დღეს ამერიკელები და ევროპარლამენტარები.

რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ამერიკის კონგრესის „რესპუბლიკური პარტიის“ დოკუმენტში ნახსენებია, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცი და საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორია.

„ვიღაცას ეგონება, ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილის განცხადებაა, სინამდვილეში, „რესპუბლიკური პარტიის“ დოკუმენტია. ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ეს უკვე მითითებული იქნა ამერიკის კონგრესის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. ამერიკელი ექსპერტების დღევანდელი განცხადებები ასპროცენტიანი ალბათობით ადასტურებს იმას, რომ დოკუმენტს მიიღებენ. 15-პროცენტიანი სანქცია თავდაცვის ხარჯების გაყინვის თაობაზე სიტყვა-სიტყვით ამ ფორმით გავა, მათ შორის იმ ჩანაწერებით, სადაც მოხსენიებულია ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა.

დასავლეთი უკვე საუბრობს იმ სიტყვებით, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლებას მოიხსენიებდა. გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე. სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ გაიგეს. სწორედ ამის შედეგი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც. ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ზეწოლისა და პირადი სანქციების შიში ბევრ დათმობაზე წაიყვანს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ტვიტერზე“ დაწერა – არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ხელი არ წაგიცდეთ საარჩევნო ყუთისკენ და მანიპულაციებისკენ, თორემ ძალიან მკაცრად დაისჯებით. ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების მიტაცებასა და არჩევნების გაყალბებას არავინ აპატიებს. დიპლომატის მხრიდან ეს სიტყვები ძალიან სერიოზულ მუქარას ნიშნავდა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს გაყალბებისა და მოსყიდვის გარეშე. ამ ყველაფერს პოლიტიკოსი უხეშად იტყოდა, მაგრამ რაც მაიკ პომპეომ თქვა, ეს არანაკლებია, ვინაიდან ის არის დიპლომატიური სამსახურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანი“, – განაცხადა გოცირიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრისას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას შეეხნენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – დაწერა მაიკ პომპეომ.

ამასთან, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება.