რომან გოცირიძე - დამხობა არის ხატოვანი გამონათქვამი, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი
რომან გოცირიძე - დამხობა არის ხატოვანი გამონათქვამი, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იქნება.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი შვიდწლიანი პატიმრობიდან თავაწეული და გაუტეხელი გამოვიდა.

„მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების თაობაზე ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა. თუ ვინმეს ეგონა, რომ უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ძალიან ცდება. თუ სად ხედავს თავის თავს, მალე იტყვის. ვანო მერაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი იყო, რომ მონაწილეობას აპირებს ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამონათქვამი. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, რადგან რეალურად, ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ. ზღაპარში როგორც გველეშაპი დაეპატრონება წყალს, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს დაახლოებით ასე დაეპატრონა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას. მას არ უთქვამს, რომ ხელისუფლების შეცვლას იარაღით ან ძალადობრივი გზით აპირებს. პოლიტიკას თავისი ლექსიკა აქვს. უამრავი პოლიტიკური სინონიმია – შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, გაძევება, ამხობა, დამხობა. ეს გამოიყენება საკუთარი აზრის წარმოსათქმელად. მას ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა არ უთქვამს”, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.

დატოვე კომენტარი