რომან გოცირიძე - ცუდ მინისტრს კარგი მინისტრი სჯობს
რომან გოცირიძე - ცუდ მინისტრს კარგი მინისტრი სჯობს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, სამინისტროების რეორგანიზაციის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა საზოგადოება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას რეალურად დაინახავს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ სამთავრობო ცვლილებები მარტივი არითმეტიკული შემცირება არ იქნება, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდა და ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, არც სტრუქტურები, არც ხარჯები და სახელფასო ფონდი პირიქით გაიზარდა.

„ამიტომ, დღეს რაიმე შედეგის თქმა რთულია. პირველი მცდელობა იყო, რომ ზოგიერთი საქმე ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურაში გადაეტანათ. ეს ორი სამინისტრო უნდა გაერთიანდეს, რადგან ეს არის ორი უზარმაზარი უწყება, რომელიც დუბლირებს. ამ სამინისტროებში საქმე არ კეთდება, სათაო ოფისებს ვგულისხმობ. პატარა მოქნილი სამინისტრო უნდა მივიღოთ. გაერთიანებამ გვიკარნახა, მთავრობა როგორ საკადრო სახეს შეიძენს. სუბარის უწყება დაიქსაქსა და როგორც ჩანს, სუბარის ადგილი მთავრობაში არ არის.

თუ ეს ასე მოხდება, კარგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის შეცვლის გარეშე მინისტრების გადაადგილება არსებითად არაფერს ცვლის, ცუდ მინისტრს კარგი მინისტრი სჯობს. წულუკიანის წასვლას ლამის მთელი საქართველო ითხოვს და მისი დატოვება უფრო ცუდია, ვიდრე სხვისი“, – განაცხადა გოცირიძემ.