რომან გოცირიძე - ცხელი შემოდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუანონსებია, ვინც თქვა, მათ გააცხელონ, პარლამენტი რომ გაზომეს, აზომვითი ნახაზი ჯერ არ მოუტანიათ
რომან გოცირიძე - ცხელი შემოდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუანონსებია, ვინც თქვა, მათ გააცხელონ, პარლამენტი რომ გაზომეს, აზომვითი ნახაზი ჯერ არ მოუტანიათ

არჩევნებში იქნება რამდენიმე კანდიდატი და არა მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც ახლა თავი გამოაცხადეს, ეს არასერიოზულია, რადგან პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ამხელა ამომრჩეველი ჰყავს, თავმჯდომარეობის კანდიდატად ასეთი კომიკური ფიგურების შემოგდებას არ იმსახურებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის შეფასებით, დღემდე წარმოდგენილი კანდიდატურების პოლიტიკური წონა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თანამდებობას არ შეეფერება.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენციის პირობებში ჩატარდება.

„პარტიაში ყველაფერი არჩევნებით დამთავრდება. დედამიწაზე ადამიანების მოწყობის სხვა უკეთესი ფორმა არავის გამოუგონია. არჩევნებით იცვლება ხელისუფლებები და დემოკრატია ნიშნავს კონკურენციას და არჩევნებს. დანარჩენი ზედმეტი კომენტარები ამ პროცესის წარმართვას ხელს უშლის. არჩევნებში რამდენიმე კანდიდატი იქნება და არა ის კანდიდატები, ვინც ახლა თავი გამოაცხადეს, ეს არასერიოზულია, რადგან პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ამხელა ამომრჩეველი ჰყავს, არ იმსახურებს ასეთი კომიკური ფიგურების შემოგდებას თავმჯდომარეობის კანდიდატად. იქნებიან სხვა კანდიდატებიც, იქნება კონკურენცია და ყველაფერი ამის საფუძველზე აირჩევა. დღემდე ვინც წარმოადგინა კანდიდატურა, მათი პოლიტიკური წონა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თანამდებობას არ შეეფერება, მათ შორის მათ საერთაშორისო ავტორიტეტიც უნდა ჰქონდეთ. პარტიას მძიმე პოლიტიკურწონიანი სჭირდება. ვინაიდან, არჩევნებია და კონკურენციაა, რა თქმა უნდა, მიდის რბილი გაგებით პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური პაექრობა. ამ კონტექსტში ახალაიების ხსენება საერთოდ სასაცილოა. ამ ადამიანმა ციხე მოიხადა, პოლიტიკაში საერთოდ არ ერევა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ უნდა სურათის დახატვა, თითქოსდა, რაღაც ბრძოლა მიდის პიროვნებებზე. ამ კონტექსტში ახალაიების ხსენება განსაკუთრებით უნამუსობაა“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

ამავდროულად, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ცხელი შემოდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუანონსებია.

„ვინც თქვა, მათ გააცხელონ, პარლამენტი რომ გაზომეს, ჯერ აზომვითი ნახაზი არ მოუტანიათ, მოიტანონ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.