რომან გოცირიძე - ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
რომან გოცირიძე - ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია ცე ჰეპატიტის წამლების ვადის გასვლა და ის, რომ დაახლოებით ხუთასი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები იყო ფაქტობრივად გაფუჭებული და გადაყრილი, ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

„ახლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტობრივად დაუდევრობის, თავმოუბმელობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. ცე ჰეპატიტის პროგრამა იყო უნიკალური საჩუქარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოყო გრანტი და დღეისათვის დახარჯულია იმ რაოდენობის თანხა, რომელიც დაახლოებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი წლის ტოლია. ვერცერთი განვითარებული სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამის შესრულებას, ვინაიდან ეს არის უკიდურესად ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდი. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ჰყავდა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, საქართველოში დღეისათვის ცე ჰეპატიტის პროგრამით განიკურნა მხოლოდ 58 ათასი პაციენტი. მაშინ, როდესაც, დაახლოებით 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული.

„სამწუხაროდ, საქართველო ამ პროგრამაში მოხვდა იმის გამოც, რომ ის შედიოდა მსოფლიოს იმ სახელმწიფოთა ხუთეულში, სადაც იყო მასობრივად გავრცელებული ეს მეტად ვერაგი დაავადება. მოსახლეობის დაახლოებით შვიდი პროცენტი ინფიცირებულია ცე ჰეპატიტით, ხოლო მათ შორის, დაახლოებით 150 ათას ადამიანს აქვს მისი ქრონიკული ფორმა. დღეისათვის, ამ პროგრამით განკურნებულია მხოლოდ 58 ათასი. მაშინ როდესაც, დაახლოებით 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული ამ წლის ბოლოსთვის. ფაქტი, რომ ქვეყანაში მართვის სრული კრიზისია, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ, მოშლილია გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მოშლილია მენეჯმენტი, ქვეყანაში ელიტური კორუფციაა. არსებული არაფორმალური ოლიგარქიული მართვის ფორმა ვერ იძლევა მსგავსი პროგრამების ეფექტიანად გავრცელების საშუალებას. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო დროულად სამკურნალო პრეპარატი და ფაქტობრივად, გამოდის, რომ ეს უნდა იყოს განადგურებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„გვაქვს ეჭვი კორუფციისა. არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ საკითხის გამოძიება.

რაც შეეხება ამ პროგრამის მომავალს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ მენეჯმენტის პირობებში, უკეთეს მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. იმედია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სრულად და ეფექტიანად განხორციელდება დახმარება, რომელსაც გვიწევს ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. დღეისათვის დაკარგულია დრო, დაკარგულია დიდძალი რესურსი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.