რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილის მოწოდების ფასი ისეთივეა, მე რომ მფრინავ თეფშებს მივმართო დახმარებისთვის
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილის მოწოდების ფასი ისეთივეა, მე რომ მფრინავ თეფშებს მივმართო დახმარებისთვის

ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაბრიყვების იდეით გამოდის და თავის პარტიას გაყალბებული 63 პროცენტი დაუწერა, ეს არჩევნების გაყალბების გეგმაა, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

გოცირიძის თქმით, ეს განცხადება მმართველი გუნდისა და ამომრჩევლის შეგულიანებისთვის კეთდება, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს უშველის.

„გამოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. წინასაარჩევნოდ მოგვადგა თვალცრემლიანი და გვეხვეწებოდა, ერთი წელი მომეცით და ყველაფერს დავალაგებო და რა დაალაგა, ვნახეთ. პირიქით, ყველაფერი აურია. ახლა მოსახლეობის გაბრიყვების იდეით გამოდის და თავის პარტიას 63 პროცენტი, გაყალბებული შედეგები დაუწერა. ეს არის არჩევნების გაყალბების გეგმა. ვერ გაუვა. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ძალიან მძიმე საკადრის პასუხს მიიღებს, ეს არის ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილება. ასეთ ხელისუფლებას ხალხი გადაისვრის ისტორიულ სანაგვეში.

კვლავ მიმდინარეობს ძალადობა და იმ პროვოკაციული მეთოდების გამოყენება, რაც არჩევნების დროს არაერთხელ გვინახავს. ეს უკვე დაიწყო მარნეულსა და ბოლნისში, ალბათ, გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც. ხელისუფლება მსგავს ძალადობას თუ  არ შეწყვეტს, კვლავ გააგრძელებს მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებს, თუ კვლავ იძალადებს ამომრჩევლებზე, დააშინებს მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს, ძალიან მძიმედ შემოუბრუნდებათ უკან. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ეს შესავალი, რომელიც თავისი უკვე ჩამოშლილი, იმედგაცრუებული პარტიისა და ამომრჩევლის შესაგულიანებლადაც კეთდება, წინასაარჩევნოდ მას ვერაფერს უშველის. „ქართული ოცნების“ საქმე დასრულებულია და ბიძინა ივანიშვილის მოწოდება გინდ ყოფილა და გინდ – არა. მისი მოწოდების ფასი ისეთივეა, როგორც ახლა მე რომ მფრინავ თეფშებს მივმართო დახმარებისთვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.