რომან გოცირიძე - არჩევნების შედეგები არის დიდი დარტყმა „ქართული ოცნების“ ფუნდამენტზე, იმდენად დიდი ბზარია, რომ ვერც კოსმეტიკური და ვერც კაპიტალური რემონტი ვერ შეაკეთებს
რომან გოცირიძე - არჩევნების შედეგები არის დიდი დარტყმა „ქართული ოცნების“ ფუნდამენტზე, იმდენად დიდი ბზარია, რომ ვერც კოსმეტიკური და ვერც კაპიტალური რემონტი ვერ შეაკეთებს

არჩევნების შედეგები არის დიდი დარტყმა „ქართული ოცნების“ ფუნდამენტზე, იმდენად დიდი ბზარია, რომ ვერც კოსმეტიკური და ვერც კაპიტალური რემონტი ვერ შეაკეთებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იშლება საძირკველი და ამ ჩამოშლის იურიდიული გაფორმება მომავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა არსენალი, არჩევნების გაყალბება, ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლა, ვნახეთ, რომ დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში. ფაქტობრივად, ყველა დიდ რეგიონულ ცენტრში. ოპოზიციის ჯამური ხმები მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ ხმებს, რაც ნიშნავს, რომ ქალაქელები უფრო შეგნებული არიან, ვიდრე სოფლელები? არავითარ შემთხვევაში. განწყობა არის საერთო, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ პატარა სოფლებში, პატარა დასახლებულ პუნქტებში არის წერტილოვანი კონტროლი თითოეულ ოჯახზე. მთავარი ინსტრუმენტი არის რეპრესია და არის მუქარა მათი ახლობლების სამსახურიდან დათხოვნაზე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან ეს სურათი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე მიგვითითებს, მთავრდება „ქართული ოცნების“ სრული კრახით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მეორე ტურში ნიკა მელიას აქვს მოგების ძალიან დიდი შანსი.

„რაც შეეხება მეორე ტურებს, თბილისში ძალიან დიდი შანსი აქვს ნიკა მელიას და ასევე იქ, სადაც მეორე ტურები იმართება. თბილისში ნიკა მელიას გამარჯვება ნიშნავს ყველაზე დიდ შედეგს ნებისმიერი შეთანხმებისა, 43 პროცენტია ბარიერის, თუ 40-იანი. ეს უკვე არის მეხუთეხარისხოვანი, იგებ თბილისს, იგებ საქართველოს. ეს შედეგები, რაც ახლა ვნახეთ, არის დიდი დარტყმა „ქართული ოცნების“ ფუნდამენტზე, იმდენად დიდი ბზარია, რომ ვერც კოსმეტიკური და ვერც კაპიტალური რემონტი ვერ შეაკეთებს. იშლება საძირკველი და ამ ჩამოშლის იურიდიული გაფორმება იქნება მომავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საერთოდ არ ყოფილა საუბარი რაიმე ეჭვების შესახებ, რომ მეორე ტურში ვინმე არ მიიღებს მონაწილეობას. გვექნება ყველაფერზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება მეორე ტურებზე“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.