რომან გოცირიძე - არ ვიზიარებთ პათოსს, რომ გერმანიის ელჩი არაკომპენტენტურია, მაგრამ სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა
რომან გოცირიძე - არ ვიზიარებთ პათოსს, რომ გერმანიის ელჩი არაკომპენტენტურია, მაგრამ სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა

ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ გერმანიის ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას, მაგრამ სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე ჰუბერ ქნირშის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა 52 არასამთავრობო ორგანიზაცია განგაშს ტეხავს, სოფო კილაძის გამოსარჩლება არ იყო სწორი.

„სოფო კილაძე, რომელიც არის ჰომოფობი, გამოირჩევა პარლამენტში აგრესიულობით, არასდროს იცავდა ადამიანის უფლებას, შეუძლებელია, ეს ადამიანი იყოს გაერო-ს კომიტეტის წევრი. მისი გამოსარჩლება არ იყო სწორი და ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის ამ პოზიციას. საკმარისი იყო სამი დღის წინანდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ენახა ვინმეს, გადაეთარგმნათ ყველასთვის, ელჩი იქნებოდა თუ სხვა, იქ გამოჩნდებოდა სოფო კილაძის პორტრეტი მთელი თავისი მშვენიერებით, როცა განიხილებოდა სახალხო დამცველის წლიური ანგარიში. ეს ერთი სხდომა საკმარისი იყო შეგექმნათ წარმოდგენა, ვის უპირებს საქართველო გაერო-ში წარდგენას. რაც შეეხება მის განცხადებას შეთანხმებასთან დაკავშირებით, ის აცდენილი იყო აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს, ვინაიდან არ იყო სრულად შესრულებული შეთანხმება. უცნაური იყო ელჩის გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა ქალბატონო სოფოსი, ამ მხრივ გვაქვს ჩვენ შენიშვნები, ხოლო სხვა პარტიები რას ამბობენ, ეს არის მათი საქმე, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ „ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას“. ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, ჩემს მიერ ორჯერ და ახლა მესამედ. სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში. ის შეიძლება იყოს სხვაგან და შეიძლება კარგი სპეციალისტი იყოს სხვაგან, მაგრამ შეცდომაა კილაძის პარლამენტში მუშაობა ადამიანის უფლებების დამცველად, როცა მას სძულს უმცირესობები, არის მხოლოდ პარტიული მითითებების შემსრულებელი და ერთგული თავისი დრომოჭმული იდეების“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.