რომან გოცირიძე - არ არის საჭირო იმის დრამატიზება, რომ შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კონკურენტები იყვნენ
რომან გოცირიძე - არ არის საჭირო იმის დრამატიზება, რომ შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კონკურენტები იყვნენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, არ არის საჭირო იმის დრამატიზება, რომ შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კონკურენტები იყვნენ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, როცა მანდატების 80% პროპორციული სიით ნაწილდება, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში, კონკურენტები არიან.

„იმ მოვლენის დრამატიზება არ არის საჭირო, რომ შესაძლებელია, სადღაც კონკურენტები ვიყოთ. ოპოზიციას შორის უპრეცედენტო ისტორიული შეთანხმება მოხდა, როცა გამარჯვებას მივაღწიეთ და პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული, თბილისის ექვს ოლქში შეთანხმებული კანდიდატია დაყენებული. არჩევნებში ამაზე მეტს ოპოზიციას ნუ მოვთხოვთ. ჩვენ ახლა კონკურენტები ვართ, შემდეგ, როცა პარლამენტში შემოვალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით, პარტნიორები ვიქნებით.

არჩევნები არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა. შესაბამისად, რაღაც მოვლენაზე წინააღმდეგობის გამოგონება არ შეიძლება. პროცესი ნორმალურად მიდის, კანდიდატებს რეგიონებში ჩვენც დავაყენებთ“, – აცხადებს გოცირიძე.

დეპუტატს მიაჩნია, რომ 30 ოლქიდან უდიდეს ნაწილში მეორე ტური გაიმართება. მისივე თქმით, იმ პარტიას, რომელიც მეორე ტურში გავა, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა ექნება.

„დავეხმარებით ყველას, თუ მათ მეორე ტურში გასვლა შეძლეს. ისევე, როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურში. სხვა სახის არჩევნებია, წარმოუდგენელია, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40 – 45%-ზე მეტი მოაგროვოს თავის სატელიტებთან ერთად. მეორე ტური იქნება სწორედ კონფრონტაციისა და გაერთიანების საფუძველი”, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციის შეთანხმების მთავარი მიზანი საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო.

„როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო. ისეთი კარგი მადა გაგვიღვიძა, რომ თბილისშიც კი მოვახერხეთ რვიდან ექვს ოლქში შეთანხმება და წინ წავედით. ამაზე მეტი არასდროს ოპოზიციურ ფლანგზე არ თქმულა. კონკურენციის პირობებში ყველა კმაყოფილი ვერ იქნება“, – დასძინა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა.