რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, ჭარბავლიანობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის აღსრულება როგორ მოხდება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, ჭარბავლიანობასთან დაკავშირებით მისი პარტიის ინიციატივა რას გულისხმობს და ვალების რესტრუქტურიზაცია რა მექანიზმით მოხდება.
რომან გოცირიძე ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის ნაცვლად, მთავრობის ინიციატივაზე ამახვილებს.
„ჭარბავლიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა მორიგი წინასაარჩევნო ბლეფია, მაგრამ კარგია, რომ ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამას გაუწიეს, რომელიც მომავალში სესხების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. ჩვენი ინიციატივა აღებულია საერთაშორისო გამოცდილებიდან, მსგავსი ვალების რესტრუქტურიზაციის გეგმა უნგრეთში განხორციელდა და ჰოლანდიაში არსებობს სპეციალური ფონდის სახით. ფონდის ფორმირებისა და ვალების ჩამოწერის საკითხი დეტალურად გვაქვს შემუშავებული, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენი ინიციატივები რომ არა, ივანიშვილის მხრიდან მსგავსი პოპულისტური იდეები არ იქნებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი ზეწოლა ეფექტს ახდენს”, – განაცხადა გოცირიძემ.