რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ტყიბულში შახტის დროებითი დახურვა ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ნიშნავს
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ტყიბულში შახტის დროებითი დახურვა ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ნიშნავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოსაზრებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის დროებითი დახურვა საკითხის გაჭიანურებასა და ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ნიშნავს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ძალიან გულუბრყვილოა იმაზე საუბარი, თითქოს რაიმეს კანონის მიღება ან თუნდაც, ხუთი-ათი ინსპექტორის დამატება შველის.

დეპუტატის თქმით, შახტასთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები არსებობს, მთელი სისტემა ასაწყობია, რათა მსგავსი რამ არ განხორციელდეს.

„დახურვაზე არასერიოზული განცხადება გაკეთდა. ჰკითხეს, იმ ადამიანებს სად დაასაქმებენ? ალტერნატიული სამუშაო ადგილები არის? სამწუხაროდ, საქართველოში საწარმოთა უმრავლესობა საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია, ძველია და ამ ლოგიკით ყველაფერი უნდა დაიხუროს. ყველა ქარხანა მოძველებულია და დახურვა რომ საქმეს შველოდეს, აქამდე დაიხურებოდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.