რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ჩასვა
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ჩასვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მისი პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯით, ხელისუფლებამ პირობა დაარღვია.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გოცირიძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიცია კრიტიკისგან მაქსიმალურად თავს იკავებდა და  თანამშრომლობდა – რჩევით, მითითებებითა და ზომიერი კრიტიკით.

„კრიტიკა და მითითება თანამშრომლობის ფორმაა. ბევრ რამეს ოპოზიცია გაიძულებთ და ნუ ჩათვლით, რომ ეს არის მორატორიუმი კრიტიკაზე, რადგან ასეთი მძიმე ვითარებაა. მით უმეტეს, ბიუჯეტის ფულით საარჩევნო კამპანია დაიწყეთ. განაცხადეთ, მადლობა მაჟორიტარებსო, მათ ეს გააკეთეს, ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შემოტანილი ფულით. რაც შეეხება თანამშრომლობის გაგრძელებას, თქვენ დაარღვიეთ ყველა ადამიანური წესი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთ მაგიდასთან მსხდომმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, ორი დღის წინ სიამაყით განაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილელებს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩაატარებთ და გაიტანთ. უკვე ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან პირობა თქვენ დაარღვიეთ. დღეს, შეთანხმების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეთ, ადამიანი ციხეში ჩასვით. თქვენმა პროკურატურამ და ყურმოჭრილმა სასამართლომ ორგანიზატორობაც კი ვერ დაუდასტურეს, „მონაწილეობისთვის“ მიუსაჯეთ. აქ 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თქვენს მიერ დარბაზში გავრილოვის შემოყვანის გამო და მაშინ, ისინიც დააპატიმრეთ. სამწუხაროდ, შეზღუდულ ვითარებაში, მორალური ვალდებულების ტვირთი გვქონდა, რომ ზედმეტად კრიტიკულები არ ვყოფილიყავით, მაგრამ თქვენ მოგვეცით ამის საბაბი და გამოგვიყვანეთ ამ მდგომარეობიდან. საკონსტიტუციო პროცესი თქვენ ჩაშალეთ და პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან პასუხს თქვენ აგებთ“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გოცირიძემ.

რომან გოცირიძეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

„შეგიძლიათ, ჩვენი კომენტარები ნახოთ. ჩემსკენ და მამუკა მდინარაძისკენ იშვერდით ხელს და გეტყვით. თავიდანვე ვაცხადებდით და ხალხს განვუმარტეთ, თუ რა იყო პოლიტიკური შეთანხმების საკითხები. ასე, რომ დღესაც ვართ იგივე პოზიციაზე“, – უპასუხა გოცირიძეს თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე მომზადებულია, რომლის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.

ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ცვლილებების საყოველთაო განხილვა მაისში არის დაგეგმილი.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.