რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოება პატარა პარტიების ხარჯზე
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოება პატარა პარტიების ხარჯზე

პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოება პატარა პარტიების ხარჯზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ეს განცხადება ასე გავიგე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის ფაქტობრივად ბლოკი. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ისევე, როგორც 2020 წლის არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებული იყო სხვადასხვა, ძირითადად პატარ-პატარა პარტიები. არ არის გამორიცხული, ამ იდეას შეუერთდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს მოიაზრებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, აქ ჯერ კიდევ არის ჩამოსაყალიბებელი საარჩევნო სტრატეგია. ერთი მომწიფებული აზრი ის არის, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და წარმოიქმნას მთავარი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნება ტოლფასი ან იმაზე დიდი, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელი იქნება. ამ ახალმა დიდმა ცენტრმა უნდა აიღოს ის ხმები, რომლებიც დაქუცმაცებული პარტიების არჩევნებში გასვლისას დაიკარგებოდა.

რიგორი იქნება საარჩევნო კონფიგურაცია, დღესაც კი არ არის ჩამოყალიბებული. ამიტომ, როდესაც ამ იდეის ირგვლივ იყო საუბარი, ამაში იგულისხმებოდნენ ყველანი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. ამიტომ, ეს არის ახალი შემოთავაზება და როგორ წარიმართება ეს პროცესები, მომავალში ვნახავთ. უფრო მეტად მგონია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოება პატარა პარტიების ხარჯზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ ცენტრში და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გახარიასთან თანამშრომლობა მიუღებელია.

„ჩემს თავს მე ვხედავ მთავარ ოპოზიციურ ცენტრში, სადაც იქნება ყველა, ვინც არის პარლამენტში, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიასი. მათ თავიანთი გაცხადებული მიზნები აქვთ და ცალკე დადიან. ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც გააძლიერებს ამ დიდ ბლოკს და ეს იძლევა შანსს, რომ იმ რაოდენობის ხმები მიიღოს, რომელსაც ექნება ხელისუფლების შეცვლის პრეტენზია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

„პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.