რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას მიესალმება
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას მიესალმება

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას მიესალმება.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მისასალმებელია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების და ყველა ოპოზიციური ფრაქციის მონაწილეობა.

„ივანიშვილს არ აქვს არავითარი პოლიტიკური რესურსი, რომ მეორეჯერ გაბედოს საერთაშორისო პარტნიორების, საკუთარი ხალხის მოტყუება და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონსტიტუცია ფაქტობრივად მიღებულია. დარჩა მესამე კენჭისყრა, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მესამე მოსმენით კენჭისყრაში, იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება შესრულდება მთლიანად, დარჩა ერთი პატარა ნაბიჯი გადასადგმელი, ივანიშვილმა გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა და ძალა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით განხილვის შემთხვევაში. ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენს დამოკიდებულებაში, ვართ ჩვენი იდეებისა და პოზიციის ერთგული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი.

„შეუძლებელია, საარჩევნო პროცესში თუნდაც ამ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მონაწილეობა სამართლიანად, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმარი. ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური სტაბილიზაციის მომტანი ფუნქცია, თუკი ის იქნება მიღებული საერთო კონსენსუსით და მას მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც არ არიან პარლამენტში.  ხვალ გიორგი რურუას სასამართლო პროცესია, რამდენიმე დღე დარჩენილია მესამე მოსმენამდე და იმედს ვიქონიებ, შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.