რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაახლოებით ორ კვირაში დაასახელებს
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაახლოებით ორ კვირაში დაასახელებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაახლოებით ორ კვირაში დაასახელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარტიას რეგიონებში ყველგან საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

„დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან, იქნება ერთ-ერთი კანდიდატი, ვისაც მხარს დავუჭერთ. თუ ეს ვერ მოხდება, შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა გზით წავალთ. გვირჩევნია, თუ ოპოზიცია შეთანხმდება.

მიგვაჩნია, ის გზა სწორია, რასაც ვადგავართ – კონკურენცია რეგიონებში, თანამშრომლობა დედაქალაქში. გამარჯვების რომელი გზაა სწორი, ამას არჩევნები აჩვენებს. რომელი არგუმენტია სწორი, ამას სასამართლო ვერ განსაზღვრავს. ეს ის საკითხი არ არის, სადაც მესამე ნეიტრალური მხარე შეიძლება აღმოჩნდეს მართალი. მარტივი გზაა – შედეგები“, – განაცხადა გოცირიძემ.