რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დღეს პარტიაში განიხილავენ საკითხებს და ნაბიჯებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაიდგას
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დღეს პარტიაში განიხილავენ საკითხებს და ნაბიჯებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაიდგას

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს შეიკრიბება პარტიის სამდივნო და საპარლამენტო ფრაქცია, რა დროსაც მთავარი განსახილველი საკითხი დაკავშირებული იქნება მიხეილ სააკაშვილთან.

მისივე თქმით, იმსჯელებენ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. რომან გოცირიძის განცხადებით, ყველა სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად და ამას სჭირდება დაგეგმვა.

„დღეს შეიკრიბება პარტიის სამდივნო, საპარლამენტო ფრაქცია, სადაც მთავარი თემა იქნება სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხი და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც  სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. რასაც დაავალებს პარტია და ივანიშვილი სასამართლოს, იმას გააკეთებს. ამიტომ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. დაგეგმვა სჭირდება, როგორ ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი. ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშებიან და მანიპულირებენ. ფაქტობრივად, შეიძლება, ისეთი პროცესი მივიღოთ, რომელმაც, შესაძლოა, უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, როგორც რომან გოცირიძე ამბობს, პარტიაში შიდა არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და გადადება არ შეიძლება.

„რა პროცესებიც დაიწყო, არ იყო სასურველი, მაგრამ თუ დაიწყო, სწრაფად უნდა დასრულდეს. ვგულისხმობ არჩევნებს. ამის გადადება არ შეიძლება. პარტიამ უნდა მოახდინოს, როგორც იტყვიან, რესტარტი. ჩვენ დავნიშნეთ სამდივნოს, ფრაქციის სხდომა. მელიას თხოვნა მათ შეეხებოდა, ვინც, შესაძლოა, წევრიც არ იყოს, ასევე ფრაქციაში არ არის და სჭირდებათ მოწვევა. მათაც შეუძლიათ, დაესწრონ, კარი ღიაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნიკა მელიამ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიაში შეხვედრა გამართონ. „გთხოვთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.