რომან გოცირიძე - ოპოზიციის სრული კონსენსუსის გარეშე საარჩევნო პროცესში შესვლა ხელისუფლებისთვის მძიმე იქნება
რომან გოცირიძე - ოპოზიციის სრული კონსენსუსის გარეშე საარჩევნო პროცესში შესვლა ხელისუფლებისთვის მძიმე იქნება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება თუ არ შესრულდება, ოპოზიციის სრული კონსენსუსის გარეშე საარჩევნო პროცესში შესვლა ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იქნება.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების შესრულების პროცესი დაიწყო და ციხიდან პოლიტპატიმრების ნაწილი გაათავისუფლა. თუმცა, გოცირიძე მიიჩნევს, რომ შეთანხმების ბოლომდე შესრულებას აკლია ერთი ნაბიჯი – გიორგი რურუას გათავისუფლება.

„თუ ხელისუფლებას გონიერება ჰყოფნის, ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს, რათა შეთანხმების ორივე ნაწილი იყოს შესრულებული და ოპოზიცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოატყუებენ, როგორც ქართველ ხალხს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას. თუ შეთანხმება შესრულებული არ იქნება, ოპოზიციის სრული კონსენსუსის გარეშე საარჩევნო პროცესში შესვლა ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იქნება ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუების სახით, და მეორე მხრივ, არჩევნების შედეგები სათუო აღმოჩნდება, რადგან ლეგიტიმაცია არ ექნება“, – აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 19 ივნისს განიხილავს, პროექტზე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე კი 21 ივნისს იმსჯელებენ.

ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.