რომან გოცირიძე - რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში საქართველო ყოველთვის უნდა ფიგურირებდეს
რომან გოცირიძე - რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში საქართველო ყოველთვის უნდა ფიგურირებდეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია დასრულდება და რუსეთი დამარცხდება.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, აუცილებელია, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში საქართველო ყოველთვის ფიგურირებდეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში იყოს.

მისი თქმით, გუშინ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ რუსეთმა საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს და საოკუპაციო ჯარები საქართველოდან გაიყვანოს.

„რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით ერთხელ გაუვიდა და შემდეგ, უკრიანის რეგიონებისა და ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რუსეთის შეკავება. რუსეთისთვის შემაკავებელია საერთაშორისო ძალა, მათ შორის, საერთაშორისო სანქციები, რომელიც ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით დაუწესეს. საქართველო მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს და რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში ყოველთვის უნდა ფიგურირებდეს. ეს ამოცანა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების წინაშე. ოკუპაცია დასრულდება და რუსეთი დამარცხდება“, – განაცხადა გოცირიძემ.