რომა გოცირიძე – პირველ არხს შეუძლია, აზარტულ რეკლამაზე უარი თქვას, კერძო ტელევიზიები თითოეულ თეთრს ოფლის ფასად შოულობენ
პირველ არხს მუქთა ფული აქვს 60 მილიონის სახით და შეუძლია, ამ რეკლამაზე უარი თქვას, კერძო ტელევიზიები თითოეულ თეთრს ოფლის ფასად შოულობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივა არათანაბარ პირობებში აყენებს კერძო მაუწყებლებს.
„ეს არის არხის პირადი გადაწყვეტილება, ჯერ კანონი არ არსებობს. თუ კანონი იქნება მიღებული, გარკვეული შეზღუდვები იარსებებს იმ ადგილებზე, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდები მიიზიდონ. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა მსგავსი კანონი მიიღოს, რაც შეეხება სატელევიზიო აკრძალვებს, ეს ჯერ ნებაყოფლობითია და საკანონმდებლო დონეზე არ არის განხილული. აზარტული თამაშები რეგიონში აკრძალულია და საქართველო მიზიდულობის ცენტრი ხდება, ბიზნესი ვითარდება, ხელის შეშლა საჭირო არ არის, მოთამაშეთა 90 პროცენტი უცხოელია, რომლებიც ფულს აქ ტოვებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს 60 მილიონი ლარი აქვს, რომლის შემოსავალი ბიუჯეტიდან არის. მისი ბიუჯეტი კერძო მაუწყებლების ბიუჯეტიდან განსხვავდება. ეს სერიოზული შეფასების საგანი და მსჯელობა მოგვიწევს მთავრობის ცვლილებებზე. ეს საკითხი შესასწავლია, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს მუქთა ფული აქვს 60 მილიონის სახით და შეუძლია, ამ რეკლამაზე უარი თქვას, კერძო ტელევიზიები თითოეულ თეთრს ოფლის ფასად შოულობენ. ეს ყველაფერი მედიაზე როგორ აისახება, შესასწავლია. მაუწყებელს, რომელსაც ფუფუნება აქვს, შეუძლია, მსგავსი რეკლამა არ განათავსოს, სხვებს ვერ შევაფასებთ. ამ ინიციატივის გავრცელება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ტელევიზიებსა და მაუწყებელს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.