როლანდ პრაისი – რეფორმები, ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც შუა დერეფნის უფრო ინტეგრირებულ სისტემად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, საბოლოოდ, საქართველოსთვის მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეგიონული ანგარიში მიმოიხილავს, როგორ შეიძლება, შუა დერეფნის გავლით მსოფლიო დონის სავაჭრო და ლოგისტიკური მარშრუტის ჩამოყალიბება.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარება სავაჭრო ნაკადების მოცულობის ოთხჯერ გაზრდას გამოიწვევს, ხოლო დერეფნის გავლით ტვირთების გადაადგილებისთვის საჭირო დრო 66 პროცენტით შემცირდება. ამასთან, შუა დერეფნის განვითარებამ შესაძლოა, 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას, ხოლო მშპ, საშუალოდ, 3.3 პროცენტით გაიზარდოს.
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მოდელირების მიხედვით, 2040 წლისთვის ქვეყნის მშპ შესაძლოა, 3.6 პროცენტით გაიზარდოს. ასევე, მოსალოდნელია დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა და სავაჭრო ნაკადების, მათ შორის გაზრდილი ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების მატება. ვფიქრობ, ეს საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველა ამ სარგებლის მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა ინვესტიციები. ამ მიმართულებით მთავრობა უკვე აქტიურად მუშაობს. თქვენ მოისმენდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმებს ანაკლიის პორტის განვითარებასა და ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ასევე მუშაობა თავად დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. საუბარია დოკუმენტაციის, საბაჟო პროცედურების, სისტემებისა და ოპერაციების ერთმანეთთან ინტეგრაციაზე. დერეფანი ერთიან, შეუფერხებელ მარშრუტად უნდა აღიქმებოდეს, რათა კონკურენტუნარიანი იყოს.
ეს რეფორმები და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც დერეფნის უფრო ინტეგრირებულ სისტემად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, გაზრდის ამ მიმართულებით ვაჭრობისა და ტვირთების გადაადგილებას და, საბოლოოდ, საქართველოსთვის მეტი შემოსავლის მოტანას უზრუნველყოფს“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.