როლან გაროსზე ქალთა პირველი ნახევარფინალი ამერიკული იქნება

01:13, 06.06.2018

როლან გაროსის ქალთა ბადეში ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველმა ამერიკელმა მედისონ კისმა მოიპოვა, რომელიც ტურნირის სენსაციას, ყაზახ იულია პუტინცევას ხვდებოდა.

კისი პირველ სეტში წაგების პირას აღმოჩნდა – პუტინცევამ მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტზე ჩაწოდება შეეძლო, მაგრამ 4:5-ზე ამერიკელმა უკუბრეიკი შეასრულა და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე აიღო პარტია.

მეორე სეტში ჩოგბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე – პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი იყო, რომელიც კისს მეშვიდე გეიმში ჰქონდა. ამერიკელმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და საათსა და 26 წუთში 7:6(5), 6:4 მოიგო.

კისი ნახევარფინალში თანამემამულე სლოან სტივენსს შეხვდება და ეს იქნება აშშ-ის ღიას შარშანდელი ფინალის გამეორება.

სტივენსმა რუსების ბოლო იმედი – დარია კასატკინა უშანსოდ დატოვა. პირველ სეტში მეტნაკლებად ბრძოლა იყო, თუმცა ამერიკელის უპირატესობა მაინც შეიმჩნეოდა, მეორეში კი სტივენსმა ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით დაასრულა კასატკინას წვალება – 6:3, 6:1.

სტივენსს მედისონ კისთან 2:0 მიჰყავს პირადი ანგარიში.
1/4 ფინალი
კისი (აშშ, 13)-პუტინცევა (ყაზ) 7:6(5), 6:4
სტივენსი (აშშ, 10)-კასატკინა (რუს, 14) 6:3, 6:1

მსგავსი