„როლან გაროსზე“ ქალთა ტურნირის 1/16 ფინალში ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ ბრძოლას რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები.
პარასკევს, მეორე ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა 3:6, 3:6 დამარცხდა ხორვატ პეტრა მარტიჩთან, შაბათს კი უშანსოდ წააგო რეიტინგის ლიდერმა ნაომი ოსაკამ.
იაპონელი მსოფლიოს 42-ე ნომერს, ჩეხ კატარინა სინიაკოვას ხვდებოდა. პირველ სეტში ოსაკამ უამრავი შანსი გაანიავა – მას შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. სინიაკოვამ კი მხოლოდ მეცხრე გეიმში მოიპოვა ბრეიკ-პოინტები და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ოსაკამ „როლან გაროსზე“ ზედიზედ მესამე მატჩში წააგო პირველი სეტი. წინა ორ შემთხვევაში მან შეძლო დაბრუნება, მაგრამ მესამე ჯერზე ეს არ გამოუვიდა. მეორე სეტში იაპონელი საერთოდ ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ყველაფერი სინიაკოვას ორმა ბრეიკმა გადაწყვიტა – საათსა და 19 წუთში კლასიფიკაციის პირველი ნომერი 4:6, 2:6 განადგურდა.
ამ წაგების მიუხედავად, ოსაკა „როლან გაროსის“ შემდეგ რეიტინგის ლიდერად დარჩება.