როლან გაროსი - ერთი ფავორიტი გადარჩა, მეორე გავარდა
როლან გაროსი - ერთი ფავორიტი გადარჩა, მეორე გავარდა

პარასკევს, როლან გაროსზე მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დაიწყო. მძიმე დღე ჰქონდა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, მეორე ნომრად განთესილ ალექსანდრ ზვერევს, რომელიც ბოსნიელ დამირ ძუმჰურს ხვდებოდა. გერმანელი 1:2 ჩამორჩა სეტებში, მეოთხე პარტიაში კი ძუმჰური ორჯერ იგებდა ბრეიკით და მატჩზეც აწვდიდა, მაგრამ ზვერევი გადარჩა. მეხუთე სეტში გერმანელს მატჩბოლის მოგერიებაც მოუწია და საბოლოოდ, 3 საათი და 58 წუთი ბრძოლის შემდეგ მოიგო – 6:2, 3:6, 6:4, 6:7(3), 7:5.
ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი. მას და ფერნანდო ვერდასკოს თანაბარი რაოდენობის (10) ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ, მაგრამ ესპანელმა 6 შანსი გამოიყენა, დიმიტროვმა მხოლოდ 3 და სამ სეტში წააგო.
ვერდასკოს მეტოქე 1/8 ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც ტურნირზე პირველად წააგო სეტი, მაგრამ თავად სამი პარტია მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს. ჯოკოვიჩი კარიერაში 46-ედ გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების 1/8 ფინალში, რაც მეორე მაჩვენებელია ისტორიაში როჯერ ფედერერის (60) შემდეგ.
პარასკევს მამაკაცთა ბადეში გამართული მატჩების შედეგები:
ა. ზვერევი (გერ, 2)-ძუმჰური (ბოს, 26) 6:2, 3:6, 6:4, 6:7(3), 7:5
ჩეკინატო (იტა)-კარენო ბუსტა (ესპ, 10) 2:6, 7:6(5), 6:3, 6:1
ჯოკოვიჩი (სერ, 20)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13) 6:4, 6:7(6), 7:6(4), 6:2
ვერდასკო (ესპ, 30)-დიმიტროვი (ბულ, 4) 7:6(4), 6:2, 6:4
ტიმი (ავსტრია, 7)-ბერეტინი (იტა) 6:3, 6:7(5), 6:3, 6:2
ნიშიკორი (იაპ, 19)-სიმონი (საფ) 6:3, 6:1, 6:3