ზედიზედ მეორე სეზონში „როლან გაროსის“ მამაკაცთა ტურნირის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი ითამაშებენ. ნადალმა პარასკევს სამ სეტში გაანადგურა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ტიმს კი ორი დღე დასჭირდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დასამარცხებლად – 6:2, 3:6, 7:5, 5:7, 7:5. შეხვედრა ოთხი საათი და 13 წუთი გრძელდებოდა და ის სამჯერ შეწყდა წვიმის გამო.
ტიმმა შეწყვიტა ჯოკოვიჩის 26-მატჩიანი მოგებათა სერია “დიდი სლემის” ტურნირებზე, რითაც სერბმა დაკარგა შანსი – კარიერაში მეორედ მოეგო ამ სერიის ზედიზედ ოთხი ჩემპიონატი.
ავსტრიელი ორჯერ გავიდა წინ სეტებში და ჯოკოვიჩმა ორჯერ გაათანაბრა. მეხუთე სეტში ტიმი რთული ფსიქოლოგიური სიტუაციიდან გამოძვრა, როცა 5:3-ზე მატჩზე აწვდიდა, ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო თამაშში გარდატეხისთვის ამ კარგი მომენტის გამოყენება, მე-12 გეიმში კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად მატჩი. ეს იყო ტიმისთვის მეცხრე ბრეიკი 22-ე ცდიდან. ჯოკოვიჩმა 12-დან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე სერბს ტურნირზე სეტი არ ჰქონდა წაგებული.
ნადალი ტიმთან ურთიერთშეხვედრებში წინ არის – 8:4. ესპანელი „როლან გაროსზე“ 3:0-ს (9:0 სეტებში) უგებს ავსტრიელს. თუმცა, ზედიზედ ოთხი სეზონია, ტიმი გრუნტზე ერთ მატჩს აუცილებლად უგებს ლეგენდარულ მეტოქეს. წელს ასეთი რამ მოხდა ბარსელონას ტურნირის ნახევარფინალში.