ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი კარიერაში პირველად გახდა „დიდი სლემის“ ტურნირის გამარჯვებული. მან „როლან გაროსის“ ფინალში ძალიან იოლად მოუგო ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვას – 6:1, 6:3, რომელსაც ტურნირზე სეტი არ ჰქონდა წაგებული.
ბარტიმ ფინალი ზუსტად ისეთ ტემპში დაიწყო, როგორც ნახევარფინალში ამანდა ანისიმოვას წინააღმდეგ – სასტარტო ოთხი გეიმი აიღო და 4:0 დაწინაურდა. ვონდროუშოვამ ამას ერთი ბრეიკით უპასუხა, მაგრამ ჩეხმა ქამბექი ვერ შეძლო. ბარტიმ კიდევ ორი გეიმი მოიგო და 29 წუთში გაიმარჯვა პირველ პარტიაში.
„როლან გაროსის“ ბოლო ორი გამაჯვებული – სიმონა ჰალეპი და ელენა ოსტაპენკო ახერხებდნენ მოგებას პირველი სეტის წაგების შემდეგ, მაგრამ ვონდროუშოვამ ეს ვერ შეძლო. მეორე სეტში ბარტიმ პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი და აქცენტი მის შენარჩუნებაზე გააკეთა, რაც კარგად გამოუვიდა – ჩეხს პარტიაში მხოლოდ ერთი გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მატჩის ბოლო გეიმში ავსტრალიელს კიდევ ერთი ბრეიკი გამოუვიდა და საათსა და 12 წუთში მოამთავრა საქმე.
ჩემპიონს 27 „ვინერსი“ და 26 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, 20-ჯერ გავიდა ბადესთან და 15 ქულა აიღო, მხოლოდ ოთხი ქულა წააგო მეორე მოწოდებაზე და ერთადერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.
23 წლის ეშლი სამანტა სტოსურის (2011) შემდეგ პირველი ავსტრალიელია, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო. გარდა ამისა, ბარტი ქალებს შორის ავსტრალიის პირველი წარმომადგენელია ბოლო 46 წლის განმავლობაში, რომელმაც „როლან გაროსის“ მოგება მოახერხა. ბოლოს ეს 1973 წელს შეძლო ლეგენდარულმა მარგარეტ კორტმა.
ამ მოგების შემდეგ, ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ბარტი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება, რაც მისი კარიერის რეკორდია.