„როლან გაროსის“ მეხუთე დღეს ქალთა ტურნირის მთავარი მატჩი მსოფლიოს მოქმედ და ყოფილ ჩოგნებს შორის გაიმართა: ნაომი ოსაკა ვიქტორია აზარენკას ეთამაშებოდა.
ოსაკამ პირველ წრეში სლოვაკ ანა შმიედლოვასთან პირველი სეტი ანგარიშით 0:6 წააგო და ამის შემდეგ მოახერხა მოგება. ანალოგიურად დაიწყო იაპონელისთვის აზარენკასთან მატჩი – საწყისი ოთხი გეიმი წააგო და ვეღარ შეძლო პარტიის გადარჩენა.
ოსაკა მატჩის წაგების პირას დადგა, როცა აზარენკა მეორე სეტში ბრეიკით 3:2 დაწინაურდა. პრაქტიკულად, პარტიასა და მთლიანად მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელიც 16 გათამაშებისგან შედგებოდა და ოსაკამ მესამე ცდაზე შეძლო ბრეიკის შესრულება. შემდეგ იაპონელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
მესამე სეტში დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ოსაკა ანგარიშით 5:1 დაწინაურდა და აზარენკამ შეძლო ოდნავი წინააღმდეგობის გაწევა: ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ მეორედ ეს ვერ შეძლო.
ოსაკამ ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო მნიშვნელოვანი ჩამორჩენის ამოქაჩვა: შმიედლოვასთან ორი ქულა აშორებდა მარცხს, აზარენკასთან კი ანგარიშით 4:6, 2:4-დან დაბრუნდა და მატჩი მოიგო.