როჯერ ფედერერმა ლონდონში მეორე მატჩი მოიგო
როჯერ ფედერერმა ლონდონში მეორე მატჩი მოიგო

წლის შემაჯამებელ ტურნირზე “ბეკერის ჯგუფში” მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი როჯერ ფედერერი გერმანელ ალექსანდრ ზვერევეს ხვდებოდა. ამ ჩოგბურთელებს მოგებული ჰქონდათ პირველი ტური და ეს იყო შეხვედრა ჯგუფში ლიდერობისთვის.

პირველი ორი სეტი დაძაბული გამოვიდა. საწყის პარტიაში ბრეიკი არ ყოფილა და ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ფედერერს შეეძლო, თავიდან აეცილებინა მე-13 გეიმის თამაში, მაგრამ მე-12 გეიმში ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება ტაი-ბრეიკს, აქ ჯერ ზვერევს ჰქონდა სეტბოლი, შემდეგ ფედერერს და განსხვავებით გერმანელისგან, შვეიცარიელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე სეტი ფედერერმა ბრეიკით დაიწყო და თითქოს ორ სეტში მოგებას მიუახლოვდა, მაგრამ ზვერევმა მეოთხე გეიმში დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, ხოლო მე-12 გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელშიც, თავიდან, ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და ამის შემდეგ, ფედერერის უპირატესობა უდიდესი გახდა – შვეიცარიელმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და ორი საათი და 15 წუთი ბრძოლის შემდეგ, 7:6(6), 5:7, 6:1 მოიგო.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პირველ ტურში წაგებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამერიკელმა ჯეკ სოკმა 5.6, 6:2, 7:6(4) ხორვატ მარინ ჩილიჩს მოუგო.

ასე რომ, ორი ტურის შემდეგ, “ბეკერის ჯგუფში” ორი მოგებით ფედერერი ლიდერობს. თითო მოგება აქვთ ზვერევსა და სოკს და არც ერთი – ჩილიჩს.