დიდი სენსაცია მოხდა უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის მეოთხედფინალში. ტურნირის რვაგზის ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ხუთ სეტში დამარცხდა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან.
პირველ სეტში მან ორი ბრეიკი აიღო და 27 წუთში მოიგო. პირველი პრობლემა მეორე სეტში წარმოიშვა, როცა ანდერსონმა პირველი ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ფედერერმა პირველად წააგო საკუთარი მოწოდება ზედიზედ 85 მოგებული საკუთარი გეიმის შემდეგ. შვეიცარიელმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ტაი-ბრეიკზე მესამე სეტბოლიდან მოიგო პარტია. ეს იყო ზედიზედ 34-ე მოგებული სეტი როჯერისთვის უიმბლდონზე.
თითქოს ნახევარფინალში გასვლას წინ აღარაფერი ედგა, მით უმეტეს, რომ მესამე სეტში, 5:4-ზე ფედერერმა მატჩბოლი გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა. ანდერსონზე ამ მომენტმა დადებითად იმოქმედა და მომდევნო გეიმში აფრიკელმა ბრეიკის შესრულება შეძლო, ცოტა ხანში კი სეტზეც ჩააწოდა.
მეოთხე სეტშიც ანდერსონმა ერთი ბრეიკი იკმარა და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა. და ამის შემდეგ, დაიწყო ნერვების თამაში მეხუთე სეტში. პირველ 22 გეიმში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ფედერერს ჰქონდა, რომელიც შვეიცარიელმა ვერ გამოიყენა. 23-ე გეიმში ანდერსონს მიეცა იგივე შანსი და სამხრეთაფრიკელმა მოახერხა მატჩში მეოთხე ბრეიკის შესრულება, რის შემდეგაც, მატჩზე ჩააწოდა და მოქმედი ჩემპიონი ბრძოლას გამოთიშა – 2:6, 6:7(5), 7:5, 6:4, 13:11 4 საათი და 14 წუთი ბრძოლის შემდეგ.
ანდერსონმა 28 ეისი ჩააწოდა და 7-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერს 16 ეისი ჰქონდა, 12 ბრეიკ პოინტი და 3 ბრეიკი.