როჯერ ფედერერი მძიმე მოგებით დაბრუნდა და მეოთხედფინალში ბასილაშვილზე გავიდა #1TVSPORT
როჯერ ფედერერი მძიმე მოგებით დაბრუნდა და მეოთხედფინალში ბასილაშვილზე გავიდა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა 2020 წლის იანვრის შემდეგ. შვეიცარიელი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო ბრძოლაში და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელი დანიელ ევანსი – 7:6(8), 3:6, 7:5.

მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ორივე ჩოგბურთელმა ოთხ-ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და თითო შანსი გამოიყენა – ევანსმა მეორე სეტში და ფედერერმა მესამე სეტის ბოლო გეიმში, როცა ტაი-ბრეიკის თამაში თითქოს გარდაუვალი ჩანდა.

აღსანიშნავია, რომ ევანსს პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ერთი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, მესამე პარტიის მეშვიდე გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

ახლა, მეოთხედფინალში ფედერერი ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდება. შვეიცარიელი და ქართველი პროფესიულ ტურში ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. ეს მოხდა 2016 წელს, ავსტრალიის ღიას პირველ წრეში. მაშინ ფედერერმა ძალიან იოლად დაამარცხა მეტოქე – 6:2, 6:1, 6:2.

დოჰას ტურნირზე მეოთხედფინალები ხუთშაბათს გაიმართება.