„როიტერის“ ინფორმაციით, სირიაში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთის პოზიციების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს
„როიტერის“ ინფორმაციით, სირიაში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთის პოზიციების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს

სირიაში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთის პოზიციების მხრიდან საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ „როიტერი“ პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქობანისთან ახლოს დაფიქსირდა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.

ამის პარალელურად პენტაგონში განაცხადეს, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ოპერაცია, რომლის გამოც აშშ-ი შესაძლოა, იძულებული გახდეს თავდაცვითი ზომები მიიღოს.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური ანკარა უკვე გამოეხმაურა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ქურთების ფორმირებები იყო და მათ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებისთვის არ შეუტევიათ. თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ როგორც კი აშშ-სგან შესაბამისი ინფორმაცია მიიღეს, ცეცხლი შეწყვიტეს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა. სირიის დემოკრატიული ძალები კი, საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.