„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ
„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთი და გერმანია სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მოლდოვაში ჩატარებული ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს ერთი კვირის ვადა მისცეს მათ წინადადებებზე პასუხის გასაცემად.

„ის, რაც ჩვენ ორ პარტიას ვთხოვეთ, ძალიან მარტივია: ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნების ორგანიზება, რაც შეიძლება მალე, კოსოვოს ვალდებულებებით. თითოეული მხარე გაივლის კონსულტაციას და დაბრუნდება მომავალ კვირას მკაფიო პასუხებით“, – განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, არეულობა კოსოვოში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ეთნიკურად ალბანელმა მერებმა დაიკავეს თანამდებობა სერბებით დასახლებულ რაიონში. ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.