„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის პორტს დაესხა თავს
„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის პორტს დაესხა თავს

რუსეთი ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაში, ოდესის პორტს დაესხა თავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის თავდასხმამ ოდესაში, შავი ზღვის პორტში ის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომელიც საკვანძოა მარცვლეულის ექსპორტისთვის.

მედიის ცნობით, დარტყმის შედეგად ოდესის პორტში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

უკრაინის სამხედროების ცნობით, რუსეთმა თავდასხმის დროს ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ცნობისთვის, უკრაინას მხოლოდ ოდესის რეგიონის პორტებიდან შეუძლია, „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში, მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტი.