პოლონეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„თანხმობას აქვს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. ჩვენ ან სწრაფად მივიღებთ ამ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან.
როგორც „როიტერი“ წერს, მანამდე პოლონეთი აცხადებდა, რომ უკრაინას ტანკებს კოალიციის ფარგლებში გადასცემდა. ვარშავა და ნატო-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებენ გერმანიას, მისცეს ნებართვა უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების მისაწოდებლად.
ამასთან, დღეს გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზა „რამშტაინზე“ ათობით მოკავშირე შეიკრიბება, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავენ. „რამშტაინის“ ბაზაზე უკვე ჩავიდა აშშ-ის თვადაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. შეხვედრაზე მთავარი თემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდება იქნება, რისთვისაც ქვეყნებს გერმანიისგან ნებართვა სჭირდებათ.