„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბების უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბების უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო

„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების (GLSDB) უკრაინისთვის მიწოდება 2024 წლამდე გადადო. როგორც სააგენტო წერს, ამის შესახებ მათ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან წყაროებმა განუცხადეს.

პენტაგონის ოფიციალური პირის განცხადებით, აღნიშნული იარაღის გადაცემა მოსალოდნელია 2024 წლის დასაწყისში, მათი წარმატებული შემოწმების შემდეგ. მათივე თქმით, რაკეტების რამდენიმეთვიანი ტესტირება, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.

როგორც „როიტერი“ წერს, გასული წლის შემოდგომაზე, როცა შეერთებულ შტატებს პირველად მიმართა საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელმა კორპორაცია „ბოინგმა“ სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბებთან დაკავშირებით, მაშინ გადაზიდვის ყველაზე ოპტიმისტურ ვადად მიმდინარე წლის გაზაფხული დასახელდა. მოგვიანებით კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწოდება 2023 წლის შემდეგ მოხდებოდა.

„როიტერი“ იუწყება, რომ სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყას ორჯერ უფრო შორი მანძილიდან, ვიდრე ახლა ისვრიან აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემიდან.