„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების დაბლოკვისკენ მოუწოდებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ამერიკელმა ბიზნესმენმა და რესპუბლიკური პარტიის დონორმა, რომელსაც საქართველოში ბიზნეს ინტერესები აქვს, ბოლო კვირებში კონგრესმენებს სთხოვა, არ მიიღონ კანონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი კანონპროექტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი, რომელიც აშშ-ის მთავრობას უკრძალავს საქართველოს მთავრობის აღიარებას.
სააგენტო აღნიშნავს, რომ სტივ ნიკანდროსმა 30 სექტემბერს წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რამდენიმე რესპუბლიკელ წევრს, რომელშიც მადლობას უხდის მათ ამ ზომის წინააღმდეგობისთვის. წერილში ნიკანდროსი ასევე მოუწოდებდა კანონმდებლებს, გადაედგათ შემდგომი ნაბიჯები, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ამ ზომის საბოლოო მიღებისთვის.
როგორც „როიტერი“ წერს, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ნიკანდროსის მცდელობებით, შეაფერხოს კანონპროექტი. ამასთან, მედიის ცნობით, ნიკანდროსს არ უპასუხია მათ მიერ გაგზავნილი წერილისთვის, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს სთხოვდნენ.
საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ კონგრესმენებისადმი წერილში ენერგეტიკული კომპანია TXN Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკანდროსი ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არის არჩეული და ასეთმა ზომამ შეიძლება, საქართველო კიდევ უფრო მეტად გადაიყვანოს რუსეთის ორბიტისკენ. ასევე, წერილში ბიზნესმენი წერდა, რომ ამ ზომებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს აშშ-ის ბიზნეს ინტერესებს, მათ შორის, მის საკუთარ ბიზნესსაც.
„ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ხალხს ასაქმებენ და ინვესტიციებს ახორციელებენ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ციტირებს წერილს „როიტერი“.
ამასთან, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის მიღების მცდელობები ძნელად ვითარდება. სააგენტოს ცნობით, ერთი კანონი სენატში გაჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ მაისში წარმომადგენელთა პალატამ 349 ხმით მიიღო.
როგორც სააგენტო წერს, ვაშინგტონში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ლობისტური კავშირები აშშ-ში. ამასთან, ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაუარესდა, თუმცა ახლა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გაუმჯობესების შანსი აქვთ.
„რაც შეეხება სტივენ ნიკანდროსს, ის არის ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ფართოდ არის აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პიონერი, რომელმაც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კარგად ჩამოყალიბებული აშშ-ის საწარმო გააცნო“, – განუცხადა ტალიაშვილმა „როიტერს“.
„როიტერის“ ინფორმაციით, საარჩევნო დაფინანსების მონიტორინგის ვებგვერდ Open Secrets-ის მონაცემებით, ნიკანდროსმა 200 000 დოლარზე მეტი გადაურიცხა რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ უცნობია, გავლენა მოახდინა თუ არა ამ თანხებმა კონგრესმენების გადაწყვეტილებებზე.