„როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შავ ზღვაზე სამხედრო გაძლიერების საკითხზე ისაუბრებენ
ვაშინგტონში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთისგან მომავალ სამხედრო საფრთხეს დაეთმობა. მათ შორის, საუბარი იქნება შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაზრდაზე – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ შავ ზღვაში ალიანსის თავდაცვისუნარიანობას და შემაკავებელი პოზიციების გაძლიერებას“, – განაცხდა „როიტერთან“ საუბრისას წყარომ.
ასევე, მინისტრები იმსჯელებენ თურქეთზეც. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთი ალიანსისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნატო შეშფოთებულია ანკარას ინიციატივით, რუსეთისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით.