„როიტერის“ ცნობით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
„როიტერის“ ცნობით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას

პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას.

დოკუმენტი სახელწოდებით „ევროპის პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე“ ასახავს ევროპის 38 ქვეყნის „სავარაუდო პოზიციებს“ უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნის საპასუხოდ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სერბეთს აქვს სამხედრო შესაძლებლობები, მომავალში უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

„როიტერის“ ცნობით, სერბეთის მთავრობა ომის მიმართ ნეიტრალურია, მიუხედავად რუსეთთან ეკონომიკური და ისტორიული კავშირებისა.

პენტაგონის ცხრილი უკრაინის დახმარების თხოვნაზე ოთხ კატეგორიად იყოფა: ქვეყნები, რომლებმაც პირობა დადეს, რომ უზრუნველყოფენ ტრენინგებსა და საჭირო დახმარებას ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას უკვე გაუწიეს ტრენინგი, საჭირო დახმარება ან ორივე ერთად, ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სამხედრო შესაძლებლობები და პოლიტიკური ნება საჭირო დახმარების გაწევისთვის მომავალში. ავსტრია და მალტა ის ორი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინას არცერთი სახის დახმარებას არ უწევენ.