„როიტერის“ ცნობით, ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ განაცხადებს
„როიტერის“ ცნობით, ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ განაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს, რომლითაც უკრაინა, ენერგეტიკულ სისტემაზე რუსული თავდასხმების პირობებში, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყაროს ცნობით, ვაშინგტონი მუშაობს ამერიკულ კომუნალურ და აღჭურვილობის მიმწოდებელ სამსახურებთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან, შესაბამისი აღჭურვილობის მოსაძიებლად, რომლითაც შეძლებენ, აღადგინონ რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადგურები.

გავრცელებული ცნობით, ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ვიზიტით მყოფი ენტონი ბლინკენი ენერგეტიკის საკითხზე ახალ საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრასაც გამართავს. „როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „დიდი შვიდეულისა“ და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ბლინკენი აცნობებს, თუ რისი მობილიზება შეძლო აშშ-მა და ასევე გააცნობს გეგმებს ამ აღჭურვილობის უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩატანასთან დაკავშირებით.