„როიტერი“ – ყაზახეთის „ტენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი ბათუმის პორტის გავლით

22:29, 31.07.2026

ყაზახეთის „ტენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა, Tengizchevroil-მა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი საქართველოს ბათუმის პორტის გავლით.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

სააგენტოს ცნობით, როგორც წესი, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი Caspian Pipeline Consortium-ის მილსადენით ხორციელდება, რომლის ძირითადი მოცულობა ტენგიზის, კაშაგანისა და კარაჩაგანაკის საბადოებიდან მოდის. თუმცა დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და არასახარბიელო ამინდის გამო Caspian Pipeline Consortium-ის მუშაობა შეფერხდა, რის გამოც Tengizchevroil-ს უფრო ძვირი ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება მოუწია.

ბოლო შეფერხება მოხდა 30 ივლისს, რა დროსაც Caspian Pipeline Consortium-მა შავი ზღვის ტერმინალიდან იუჟნაია ოზერეევკაში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა. როგორც თავად კონსორციუმმა განაცხადა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტანკერებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

სააგენტო „როიტერის“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ივლისის დასაწყისიდან ბათუმის პორტში „ტენგიზის“ საბადოდან დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობი გადაიტანეს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ორივე წყარომ ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რადგან საჯარო კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება არ ჰქონდათ.

მსგავსი