„როიტერი“ - ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას ევროპაში ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირება დაავალა
„როიტერი“ - ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას ევროპაში ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირება დაავალა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ 30 დღით შეაჩერა „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ მუშაობა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნავთობსადენით ხდება ყაზახეთის „თენგიზის“ მსხვილი საბადოდან ნავთობის რუსეთის გავლით შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. მისი შეჩერება დატვირთვა იქნება ნავთობის ბაზრისთვის, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ ნავთობის მიწოდების ყველაზე სერიოზული შეფერხებების წინაშე დგას.

თოყაევმა მთავრობას კასპიის ზღვის გავლით მილსადენის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლა დაავალა. მედიის ცნობით, ეს არის წარსულში შეთავაზებული პროექტი, რომლის საშუალებითაც ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მოხდება.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, კასპიის ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყნისთვის სტრატეგიული ამოცანაა. ამასთან, მას არ უხსენებია „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“.

ცნობისთვის, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი ევროპაში დამოკიდებულია რუსულ მილსადენებზე. ოთხშაბათს რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის მუშაობის შეჩერების განკარგულება გასცა და ამის მიზეზად ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.