„როიტერი“ – ვლადიმერ პუტინის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი კირილ დმიტრიევი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხელმძღვანელობა რუსული გაზის გერმანიაში მიწოდების აღდგენის საკითხს განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი კირილ დმიტრიევი და გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხელმძღვანელობა რუსული გაზის გერმანიაში მიწოდების აღდგენის საკითხს განიხილავენ.
როგორც როიტერი წერს, დმიტრიევი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შეხვედრა მომავალ წელს იგეგმება და სამზადისი დაწყებულია.
ამასთან, „როიტერის“ ცნობით, შეხვედრის უკვე მარტში გამართვის შესაძლებლობის განხილვა მოსკოვსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შორის მჭიდრო ურთიერთობებზე მიუთითებს.
როგორც მედია წერს, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პუტინთან დაახლოებული მრჩეველი და რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, ასევე „ალტერნატივა გერმანიისთვის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი.
„როიტერის“ წყაროების ცნობით, შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო წინასწარ იქნება შეთანხმებული. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შეხვედრა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს გააერთიანებს. შეხვედრის გამართვის შესაძლო ადგილად დასახელდა ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ან ინდოეთი.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც მიიღებდნენ მონაწილეობას ბუნებრივ საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაში, სადაც რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მუშაობის აღდგენის საკითხს განიხილავენ.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს შემოთავაზებული სამიტის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და მათთვის მოწვევა არ გაუგზავნიათ.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩენს, ალის ვაიდელი კი, რუსეთიდან მიღებულ „იაფ ენერგიას“ გერმანული წარმოების „წარმატების საიდუმლოს“ უწოდებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იმედი აქვს, რომ შეხვედრა პარტიის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კომპეტენტურობას წარმოაჩენს და გამოავლენს მთავრობის უმოქმედობას ენერგორესურსებზე მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების დაწესებამდე, რუსეთი გერმანიის ნედლი ნავთობის იმპორტის მესამედზე მეტს, ხოლო ბუნებრივი აირის იმპორტის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფდა.
ივნისში „როიტერთან“ ინტერვიუში ალის ვაიდელმა გერმანიის სუსტი ეკონომიკის მხარდასაჭერად რუსული ნავთობისა და გაზის ბოიკოტის შეწყვეტას დაუჭირა მხარი.