„როიტერი“ - ვენესუელის სამხედროები აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში პარტიზანული რეაგირებისთვის ემზადებიან
ვენესუელის სამხედროები აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში პარტიზანული რეაგირებისთვის ემზადებიან, – ინფორმაციას „როიტერი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს მიდგომა სამხრეთამერიკული ქვეყნის პერსონალისა და აღჭურვილობის დეფიციტის ფარულ აღიარებას წარმოადგენს. „როიტერის“ ინფორმაციით, ვენესეულის პარტიზანული სტილის თავდაცვა, რომელსაც მთავრობამ „ხანგრძლივი წინააღმდეგობა“ უწოდა და სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებში ახსენა, მოიცავს მცირე სამხედრო დანაყოფებს 280-ზე მეტ ადგილას, რომლებიც დივერსიულ აქტებს და სხვა პარტიზანულ ტაქტიკას განახორციელებენ.
ამასთან, წყაროების ინფორმაციით, არსებობს მეორე სტრატეგიაც, რომელსაც „ანარქიზაცია“ ეწოდება – ის დედაქალაქ კარაკასის ქუჩებში არეულობის შექმნას და ვენესუელის უცხო ძალებისთვის უმართავ ქვეყნად გადაქცევას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესეულაში სავარაუდო შეჭრის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა. მისი თქმით, ვენესუელა ამერიკაში ბანდების წევრებს, ნარკოდილერებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს გზავნის, რაც მიუღებელია. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკამ სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდები განათავსა.