„როიტერი“ - უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო
„როიტერი“ - უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გამოყოფას ეწინააღმდეგება. ამის სანაცვლოდ, ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უკრაინას დახმარებას ორმხრივ საფუძველზე აღმოუჩენს.

თავის მხრივ, ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა „როიტერს“ განუცხადა, რომ უნგრეთის მხრიდან უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების შეყოვნება ამორალურია. ლიეტუველი მაღალჩინოსნის თქმით, უნგრეთი აღნიშნულ საკითხს იყენებს, რომ ევროკავშირის დანარჩენი წევრები დაითანხმოს, ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან ბუდაპეშტს მილიარდობით ევროზე წვდომა გაუხსნან.

ბრიუსელში გამართული შეხვედრის თავმჯდომარემ, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია ვერ შეაჩერებს სხვა წევრებს, უკრაინას დაეხმარონ. თუმცა როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, უნგრეთის მხარდაჭერის გარეშე სახსრების მობილიზება უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

„ჩვენ კვლავ მივისწრაფით, დავიწყოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების გამოყოფა იანვარში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვძებნით გამოსავალს, რომელსაც 26 წევრი დაუჭერს მხარს, უნგრეთის გარეშე“, – განაცხადა ზბინეკ სტანიურამ.

გასულ კვირაში ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, კორუფციის რისკის გამო, უნგრეთს 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირის ბიუჯეტიდან 7.5 მილიარდი ევრო დაუბლოკონ. გარდა ამისა, ევროკავშირს დაბლოკილი აქვს უნგრეთისთვის გათვალისწინებული 5.8 მილიარდი ევრო კოვიდპანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის ფონდიდან.