„როიტერი“ – უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად, რუსეთში ბენზინის წარმოება შემცირდა და მოთხოვნის დაახლოებით 65%-ს ფარავს

19:37, 10.07.2026

რუსეთში წარმოებული ბენზინი სეზონური მოთხოვნის დაახლოებით 65%-ს ფარავს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებსა და საკუთარ ანგარიშებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, რუსეთში ბენზინის წარმოება, უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად, სეზონურ საშუალო მოხმარებასთან შედარებით, დაახლოებით, 65%-მდე შემცირდა.

სააგენტოს ცნობით, ზაფხულში მძღოლების მხრიდან მოთხოვნა იზრდება, ბენზინის დეფიციტი კი 35%-ს, ანუ დღეში 40-45 ათას ტონას შეადგენს. შედარებისთვის, ივნისში დღიური დეფიციტი 25% იყო.

ინდუსტრიაში მომუშავე წყაროების თქმით, ზაფხულის სეზონის მოხმარების პერიოდში, რუსეთში ბენზინზე დღიური მოთხოვნა 115-120 ათას ტონას შეადგენს.

უკრაინული დრონების თავდასხმების გამო მუშაობა შეაჩერა რამდენიმე მსხვილმა ქარხანამ, მათ შორის,  უმსხვილესებმა „ნორსიმ“ (ნიჟნი ნოვგოროდში) და ომსკის ქარხანამ. წარმოება გააჩერა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომაც.

„როიტერი“ წერს, რომ მთავრობის მხრიდან საწვავის დეფიციტის მოსაგვარებლად წინადადებები მოიცავს დიზელის, ბენზინის და საავიაციო საწვავის ექსპორტის აკრძალვას. რუსეთმა საწვავის იმპორტიც დაიწყო. ბელორუსიიდან რუსეთში ბენზინისა და დიზელის მიწოდებამ ივნისში ყოველთვიურ რეკორდს მიაღწია, ხოლო წყაროებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ რუსეთმა ინდოეთიდან საზღვაო ტრანსპორტით იმპორტი დაიწყო.

მსგავსი