„როიტერი“ - უკრაინის იერიშის შემდეგ ტუაფსეში ნედლი ნავთობის გადამუშავება შეჩერდა, შეჩერებულია ექსპორტიც
უკრაინის იერიშის შემდეგ ტუაფსეს პორტმა – ექსპორტი, ხოლო ადგილობრივმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ შავ ზღვაზე მდებარე ტუაფსეს პორტმა ნავთისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი დროებით შეაჩერა, ხოლო ადგილობრივმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეწყვიტა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად პორტში გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა, სულ მცირე, ერთი ტანკერი.
ცნობებს ადგილობრივი ხელისუფლება და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, „როსნეფტს“ დაქვემდებარებული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ძირითადად ექსპორტზე მუშაობს, დაზიანების გამო იძულებული გახდა, ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეჩერებინა.
ქარხანა დღეში, დაახლოებით, 240 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს და აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა დიზელის საწვავი და მაზუთი. მისი პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გადის თურქეთში, ჩინეთში, მალაიზიასა და სინგაპურში.