„როიტერი“ – უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსეთის მიზანია Starlink-ის სიგნალის ჩახშობა, რომლის მეშვეობითაც უკრაინული დრონების ნაწილი იმართება
რუსეთი უკრაინული დრონების დარტყმების შესაჩერებლად სამხედრო ტვირთებს ნიღბავს და ელექტრონული ჩახშობის მძლავრ სისტემებს იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, რუსეთის მიზანია თანამგზავრული ინტერნეტქსელის, Starlink-ის სიგნალის ჩახშობა, რომლის მეშვეობითაც უკრაინული დრონების ნაწილი იმართება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინამ შექმნა შედარებით დაბალფასიანი დრონები, რომლებსაც რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ. მათი დიდი ნაწილი Starlink-ის ქსელის მეშვეობით იმართება.
მედიის ცნობით, წელს უკრაინამ ამ დრონებით დაარტყა რუსული ძალების მომარაგების მარშრუტებს, საწვავის საცავებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და სამეთაურო პუნქტებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი იყენებს ჩახშობის კონკრეტულ სისტემას, რომლის მოქმედების არეალი დაახლოებით 20 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მისივე თქმით, ამ დრომდე ასეთი დაახლოებით 10 სისტემა აღმოაჩინეს.
უკრაინის 422-ე უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის ოთხი მეთაურისა და პილოტის განცხადებით, რუსეთი ამ დარტყმებისგან თავის დასაცავად ახალ გზებს ეძებს.